georgia  united kingdom  

წლის მასწავლებელი

სსიპ ბათუმის N 2 საჯარო სკოლის კოლექტივი ულოცავს სამოქალაქო კლუბის ხელმძღვანელს, ისტორიის პედაგოგს, მადონა გვარამიას წლის პედაგოგის წოდებას

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეორე წლიური გამოფენა - კონფერენცია ჩატარდა 11 მაისს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, რომელსაც „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის“ მონაწილე 300-მდე პედაგოგი და სტუმარი დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბოლო ერთი წლის განმალობაში პროგრამის ფარგლებში შესრულებული აქტივობების, სასკოლო სამოქალაქო კლუბების მიერ განხორციელებული მცირე საგრანტო პროექტების ამსახველი ფოტომასალა, ხოლო კონფერენციამ ამ ხნის მანძილზე გაწეული სამუშაოები შეაჯამა და პროგრამის წარმატებული კლუბები და პედაგოგები გამოავლინა. მასში „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამისა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენცია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის CTC ხელმძღვანელმა ირინა ხანთაძემ გახსნა; პროგრამაში მიმდინარე პროცესებზე, გაწეულ სამუშაოზე და სიახლეებზე ისაუბრა პროგრამის დირექტორმა მარინა უშვერიძემ, რომლის გამოსვლაც ამ სამუშაოების ამსახველი ვიდეო-კოლაჟის ფონზე მიმდინარეობდა; კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე;  USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი სტივენ ჰეიკინი; საქართველოში სამოქალაქო განათლების, როგორც სასკოლო საგნის პრობლემებსა და მათი დაძლევის გზებზე ისაუბრა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელმა, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა ნიკოლოზ სილაგაძემ, რასაც კონფერენციაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში დიალოგი მოჰყვა; დიალოგი და გამოცდილების გაზიარება შემდეგ საგამოფენო ჰოლში გაგრძელდა, სადაც პროგრამის მონაწილე სასკოლო სამოქალაქო კლუბებს მათ მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი სტენდები ჰქონდათ წარმოდგენილი. მოწვეულ სტუმრებს კლუბების წარმომადგენლები პროექტის ფრაგლებში ჩატარებული სამუშაობის შესახებ მოუთხრობდნენ და მათ შედეგებს აცნობდნენ; კონფერენციაზე უჩვენეს ამ ღონისძიებებზე გადაღებული ფილმიც, რომელიც რამდენიმე სამაგალითო კლუბისა და პროექტის ამბავს ასახავდა;
კონფერენციის მეორე ნაწილი პრაქტიკულ სასემინარო სამუშაოს დაეთმო, რისთვისაც კონფერენციის მონაწილე პედაგოგები ოთხ ჯგუფად დაიყვნენ. თითოულ ჯგუფისთვის ფასილიტატორი და სამუშაო თემა წინასწარ იყო განსაზღვრული და მათ შორის არჩევანი პედაგოგებმა თავად გააკეთეს. პირველ სასემინარო ჯგუფს ფასილიტატორი ნინი ბესელია უძღვებოდა თემით - „პროფესიული განვითარების ხელშეწყობა (ფასილიტაცია, რესურსები, პროფესიული გაზიარების მეთოდები); მეორეს - მაკა ბიბილეიშვილი და ნონა ფიფია - „კლუბური მუშაობა და კლუბებს შორის თანამშრომლობა“ ; მესამეს - გიორგი გახელაძე - „სამოქალაქო განათლების პედაგოგის მოტივაციის ზრდა და შესაძლო სტრატეგიები; და მეოთხეს - ელმირა ქსპოიანი - თემით: „არაქართულენოვან სკოლებში სწავლების გაუმჯობესების გზები“. თითოელ ჯგუფში გაიმართა დისკუსია და შედეგები შეჯამდა.
დაბოლოს, კონფერენციის ყველაზე ამაღელვებელი ნაწილი - „სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის“ დაჯილდოება, რომელიც პროგრამის მომცველ საქართველოს თერთმეტივე რეგიონში გამოვლინდა; დასახელდნენ აგრეთვე „სამოქალაქო განათლების წარმატებული პედაგოგი“ და „სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვე“ ნომინაციებში გამარჯვებული პედაგოგები; იყო სპეციალური ჯილდოც -„ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის“ და „გამორჩეული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის“. ამგვარად, პედაგოგთა ფორუმის მეორე წლიური გამოფენა-კონფერენცია საზეიმოდ დაიხურა.